ფორმულას გენერალური დირექტორი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების განახლებას პოლიტიზირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.
ზურაბ გუმბარიძის თქმით, არხის მფლობელი ორმა ინსტანციამ უკვე გაამართლა და წლების შემდეგ წარმოების განახლებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.
ფორმულას დირექტორის განცხადებით, საქმე ყოფილმა პროკურორმა და სასამართლო კლანთან დაკავშირებულმა ორმა მოსამართლემ უნდა განიხილონ, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ განხილვა პოლიტიკური მოტივით განახლდა.
„მთავარი კითხვა, ბუნებრივია, არის დრო ამ პროცესის დაწყების. იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში საქმე თაროზე იყო შემოდებული. თან მოგეხსენებათ, რომ ორ ინსტანციაში ბატონი კეზერაშვილი გამართლდა და მტკიცებულებები ძალიან მყარი აქვს დაცვის მხარეს.
როცა ყოფილ პროკურორს ეწერება საქმე იმ მოსამართლეებთან, ვინც კლანის ნაწილი არიან, ბუნებრივია, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ საქმე არის პოლიტიზირებული და უკავშირდება ფორმულას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ განსაკუთრებით მასიურ შეტევას კრიტიკულ მედიაზე", - აცხადებს ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო.
"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს" - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.
ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.
ორ ინსტანციაში წაგებული საქმე პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. ამჯერად კი შალვა თადუმაძე საქმეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის როლში განიხილავს.
საქმეს სასამართლოში სამკაციანი კოლეგია განიხილავს შალვა თადუმაძის, ლევან თევზაძისა და მერაბ გაბინაშვილის შემადგენლობით.